კატეგორია : განცხადებები;
საპოლიციო ძალებმა 30 ნოემბრის ღამესაც განაგრძეს იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნა, რომლებიც თბილისში, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპულ საპროტესო აქციებს აშუქებდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამიზნებით და ახლოდან სახეში ასხამდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, მიზანმიმართულად ძალადობდნენ მათზე, რომ მედიის წარმომადგენლები დასახიჩრებულიყვნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიეღოთ. პოლიციელები ჟურნალისტებს ართმევდნენ და უმტვრევდნენ ვიდეო და ფოტო აპარატურას, ტელეფონებს, ისეთ დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა რესპირატორები და სათვალეები. პოლიციელები ჟურნალისტებს განსაკუთრებული გავეშებით მაშინ ესხმოდნენ თავს, როცა ისინი პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს - აქციის მონაწილეების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევებს აფიქსირებდნენ. 29 და 30 ნოემბრის ღამეს საპოლიციო ძალების ქმედებაზე დაკვირვება გვაძლებს საფუძველს დავასკვნათ, რომ მათი აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამგვარი ქცევით მედიის ერთ ნაწილზე შურისძიებას, ხოლო მათი სამაგალითოდ დასჯით უკვე მეორე ნაწილის დაშინებას ისახავდნენ მიზნად.
„ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს. მარიამ გაფრინდაშვილმა თავზე მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. მარიამ გაფრინდაშვილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტს აქვს ტვინის შერყევა.
შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გამოცემა „რეალპოლიტიკის“ ჟურნალისტს, აკა ზარქუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ათამდე სპეცრაზმელმა ჟურნალისტი წრეში მოაქცია და წიხლებით ცემა, ხოლო მათი მეთაური ჟურნალისტისთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვას შეეცადა. ამის შესახებ აკა ზარქუამ თავად დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე. მისი გადაღებული ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ჟურნალისტზე პოლიციელები. აკა ზარქუაზე ძალადობა ჩანს „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც. პოლიციელებმა ჟურნალისტს აირწინაღი წაართვეს.
სპეცრაზმელებმა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. ამის შესახებ „პუბლიკამ“ დაწერა. ჟურნალისტის თქმით, იმ დროს, როცა ის ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, სპეცრაზმელმა მას ჯერ ტელეფონი დააგდებინა, ხოლო ტელეფონის ასაღებად დახრილს, თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, ჟურნალისტის ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა.
“ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს. ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა თამარ თედიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას თქვა. ჟურნალისტმა აღნიშნა ისიც, რომ აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პოლიციის მანქანაში ჩატენა ფოტოგრაფი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 28, 29 და 30 ნოემბერს, მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობაზე, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე, პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.