საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომელთა გადაცემები ეთერიდან ჩახსნეს
02.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ლადო ტატიშვილის, გადაწყვეტილებით, ამ კვირაში ტელევიზიის ეთერში პოლიტიკური ტოქშოუები არ გავა. მათ შორის არის ირინა ყურუას გადაცემა „სათქმელი“. ეთერიდან ჩაიხსნა ყველა სხვა გადაცემაც, რომელიც კი პირდაპირ ეთერში გადიოდა, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს მენეჯმენტმა თავისი პოზიცია ასე ახსნა: “არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მოუწოდებს, გადაწყვეტილებას გადახედოს და ეთერში ყველა გადაცემა აღადგინოს, რათა საზოგადოებამ აჭარაში და მის ფარგლებს გარეთ, ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, შეუფერხებლად მიიღოს მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პირდაპირ ეთერში გაგრძელდეს საგნობრივი მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რაც აღელვებს  საზოგადოებას აჭარაში.

ჩვენ ვშიშობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ეს გადაწყვეტილება სამთავრობო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ეთერიდან გასაყვანად და ეთერში კრიტიკული აზრის ჩასახშობად მიიღო, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ერთი ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. არ გამოვრიცხავთ, რომ შემდეგი ნაბიჯი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლება იყოს, რათა დირექციამ წინააღმდეგობის გარეშე შეძლოს პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გატარება.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გადასახადების გადამხდელთა ფულით საზოგადოებას და მის საუკეთესო ინტერესებს მოემსახუროს და საპროგრამო ბადე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაცემებით ააწყოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტის სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყველა იმ თანამშრომელს, რომლთაც დირექტორის დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხო და ეთერს მიღმა დატოვა. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.