კატეგორია : განცხადებები;
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ.
ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“. პოლიციელი უკან არ იხევს მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი მას უხსნის, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს: „ვინც არ უნდა იყო, გაწიე კამერა“.
პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ ჟურნალისტებს ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობენ, მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინონ.
პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თავად გამოაქვეყნა.
„რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც ის გდდ-ს თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკური ძალის გამოყენებით აგდებენ ტერიტორიიდან ტელეკომპანიის ჟურნალისტს დიანა ჩირგაძეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელებმა მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოპერატორს. მეტიც, ისინი შეეცადნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.
ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა „ტვ პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას. ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს, რამაც აჩვენა ტვინის შერყევა. „ნეტგაზეთის“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი ძლიერ ტკივილს განიცდის. მან დაზიანება ჭყლეტისას მიიღო, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებდა. ნიკო კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს ნიღბიანმა პოლიციელმა, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მირზა კეზევაძემ წაართვა პირადი ტელეფონი, რომლითაც ის „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად ხარაზიშვილის მანქანას იღებდა. პოლიციელმა ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა. იმავდროულად პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც. ხატია სამხარაძის თქმით, მათ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევა სცადეს.
პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტს ნინია კაკაბაძესაც იმ მანქანის გადაღებისას, რომლითაც ზვიად ხარაზიშვილი გადაადგილდებოდა. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს.
პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტსაც. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს “გურია ნიუსის” კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე.