კატეგორია : განცხადებები;
12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ბათუმის მერიის დაცვის პოლიციამ მერიის შენობაში იმ კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა, რომელიც უსახლკაროების საკითხს განიხილავდა. შეხვედრას ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი დიდხანს ელოდა ნებართვას მერიის პრეს-ცენტრისგან. დაცვის პოლიციელებმა უარის მიზეზი ვერ განმარტეს.
საგულისხმოა, რომ შეხვედრას ესწრებოდა და აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოპყრობა მედიის მიმართ ბევრ რეგიონში არცთუ იშვიათია - ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ღია სხდომებზე, „ბათუმელების“ პრაქტიკაში ის პირველი იყო.
ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს. იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილებაში (№34) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, 99-ე მუხლში, რომელიც აღწერს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესს, ვკითხულობთ:
1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში (კაბინეტში) უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმის მერიას მოუწოდებს, დაიცვას რეგლამენტის მოთხოვნა და მისცეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის განხორციელების უფლება, რის ნაწილიცაა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაშუქება კორუფციის რისკების გამოსავლენად.