ჩამოტვირთეთ pdf ვერსია
სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა
გაშუქების თვალსაზრისით, ვინაიდან ერთდროულად ბევრი ეთიკური დილემის
გადაჭრა უწევს ჟურნალისტს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული
შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს
თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა,
კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც.
შესაბამისად, რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს
ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ
ამ კონკრეტულ შემთხვევას?
გაშუქების მიზანი
სუიციდი ხელშეუხებელი თემა არ არის. ყოველწლიურად ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. შესაბამისად, სუიციდის შესახებ საზოგადოებას, ცხადია, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მთავარი საკითხი ისაა, უნდა გავაშუქოთ თუ არა ყოველი კერძო შემთხვევა? - ამ კითხვაზე ფსიქოლოგებსა და მედიამკვლევრებს ცალსახა უარყოფითი პასუხი აქვთ. მედიამ უნდა უპასუხოს კითხვებს:
- რატომ აშუქებს თვითმკვლელობის ამ კონკრეტულ შემთხვევას?
- რატომ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს (თვითმკვლელობას)?
სუიციდი ორი მიმართულებით შეიძლება გაშუქდეს:
ზოგადი - ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს გამომწვევ მიზეზებზე.
ინდივიდუალური - თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:
- კონკრეტული შემთხვევის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
- ამ ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.
იდენტური კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რედაქციამ გაასაჯაროვებს თუ არა იმ პირის ვინაობას, რომელიც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა.
გაშუქების დეტალები
- თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.
- სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა სუიციდს იმ ადგილას ან იმ მეთოდით მიმართა, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
- დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება, წარმატებული ადამიანის თვითმკვლელობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენით მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება, გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ.
- სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები.
- მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.
- არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და აშ. განსაკუთრებით საშიშია სუიციდის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები) დასახელება. ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.
- ფრთხილად იყავით, სანამ სუიციდის ცალკეულ შემთხვევებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას გადაწყვეტთ.
- უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.
- სუიციდი ზოგჯერ გაშუქებულია რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში. რელიგიებს, კულტურებს, სულიერ სწავლებებს აქვთ სხვადასხვა ჩვევები, რომლებიც ასოცირებულია სიკვდილთან: დასაფლავების, გლოვის რიტუალები. სუიციდის ცალკეული შემთხვევის გაშუქებისას მნიშვნელოვანია იმ რელიგიური და კულტურული გარემოს, კონტექსტის ცოდნა, სადაც სუიციდის მსხვერპლი ცხოვრობდა.
ვიზუალური მასალა:
- ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით.
- სათაურში მოერიდეთ სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას.
- ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას.
- იფიქრეთ სიტყვებზე, გაშუქების ენაზე, რასაც სუიციდის შესახებ სტატიაში ან სიუჟეტში გამოიყენებთ. თავი აარიდეთ სიტყვებს, სურათებს, ხატებს, რომლებმაც შესაძლოა სუიციდის გლამურულ, რომანტიკულ კონტექსტში წარმოჩენას შეუწყოს ხელი.
- თავი აარიდეთ სენსაციურ გაშუქებას, მყვირალა სათაურებს და გამომსახველობით გრაფიკას, ფოტოებს.
ახლობლებთან უერთერთობა
- მეგობრებს და ნათესავებს შესაძლებელია, ტანჯავდეთ დანაშაულის მძაფრი შეგრძნება ან გარდაცვლილის მიმართ განიცდიდნენ რისხვას.
- ხანდახან შეიძლება ჩათვალოთ, რომ მოცემულ მომენტში უმჯობესია ნათესავებსა და მეგობრებს ახლოსაც არ გაეკაროთ.
- ახლობლებს პირდაპირ არასდროს ჰკითხოთ "რატომ გააკეთა მან ეს?"
- სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც მომავალში ინანებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის, რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს. კვლევები ცხადყოფს, რომ სუიციდის მსხვერპლთა ოჯახი თავადვე არის სუიციდისკენ მიდრეკილი მაღალი რისკჯგუფი.
- გადაამოწმეთ ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესპონდენტი არ არის სუიციდის მსხვერპლის ახლო ნათესავი, ასეთ დროს შესაძლებელია მას უბრალოდ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა უნდოდეს.
- არ უთხრათ ტრავმირებულ ადამიანს, მსხვერპლის ოჯახს, რომ შენ იცი, რას გრძნობს ის ახლა, რადგან შენ არ გამოგიცდია, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა.
მითების გაღრმავება
მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების, მითების გაძლიერებას. მაგალითად:
ადამიანებს ეკრძალებათ სუიციდზე საუბარი - სუიციდზე საუბარი აკრძალული არ არის.
სუიციდზე საუბარი წაახალისებს სუიციდს - თუ შიშობ, რომ ვინმე შეიძლება მიდრეკილი იყოს სუიციდისკენ, უნდა ისაუბრო ამაზე, უნდა მიაწოდო მას ინფორმაცია და დახმარების გზები. თუ ადამიანებმა იციან ნიშნები, რითიც სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის გამოვლენა შეიძლება, შესაძლოა დავეხმაროთ მათ.
ადამიანები რომლებიც სუიციდზე საუბრობენ, თავს არასოდეს მოიკლავენ - ადამიანები რომლებიც თავს იკლავენ, სუიციდამდე ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცხოვრება არ ღირს.
მათ ვინც თავი მოიკლეს,
სიცოცხლე აღარ უნდოდათ - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები,
რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლე კი არ
მობეზრდათ, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურდათ.
გამოყენებული მასალები
- Australian Press Council - Specific Standards on Coverage of Suicide
- Media Freedom Committee and the Newspaper Publishers’ Association (2011) – Reporting Suicide
- American Association of Suicidology – Recommendations for Suicide http://www.suicidology.org/Portals/14/RecommendationsForReportingOnSuicide_swm.pdf
- კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაgipa.ge საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება - სუიციდის გაშუქება სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის /media/1000044/2015/02/suicide.pdf
- ოქრუაშვილი მაია (2005) - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა http://bit.ly/1sCbH2K