მიტინგები, დემონსტრაციები და მასობრივი არეულობები ჩვენს რეალობაში ხშირია. ყოველი ხალხმრავალი შეკრება თავიდანვე მომეტებულ საფრთხეს ნიშნავს, რადგან ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია შეიძლება გადაიზარდოს მასობრივ არეულობაში. ასეთი მოვლენების გაშუქებისას, პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა, ჟურნალისტისთვის აუცილებელია იმის ცოდნაც, როგორ უზრუნველყოს პირადი უსაფრთხოება. ამბის პროფესიულად გაშუქება, მინიმალური რისკით, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჟურნალისტი დაცულია. თავის მხრივ, რედაქციამაც უნდა გაითვალისწინოს არამხოლოდ ჟურნალისტის პროფესიონალიზმი, არამედ ისიც, თუ რამდენად მზადაა ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ასეთ ვითარებაში მუშაობისთვის.
სახელმძღვანელო ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილში, ყურადღება გამახვილებულია მიტინგების, დემონსტრაციებისა და მასობრივი არეულობების გაშუქებისას ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებისკენ - როგორ მოვემზადოთ წინასწარ ხალხმრავალ ღონისძიებაზე წასვლამდე, რა ტიპის დამცავი აღჭურვილობა უნდა გქონდეთ მიტინგების, დემონსტრაციებისა და მასობრივი არეულობების გაშუქების დროს, როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოხვდით ცრემლსადნი აირის ზემოქმედების ქვეშ.
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი ეხება დაშავებულის დახმარებას კრიტიკულ ვითარებში - როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხის ქვეშ, როგორ დაეხმაროს დაშავებულს, როგორ მოამზადოს იგი ევაკუაციისთვის.
დოკუმენტის ავტორები არიან:
დავით მძინარიშვილი - ფოტოჟურნალისტი
გიორგი კუპატაძე - SAFE Initiative რისკების მართვის ტრენერი
დავით ნარტყოშვილი - პირველადი დახმარების ინსტრუქტორი
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საქართველოში და Thomson Reuters-ის ფონდის თანამშრომლობის და ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი (პირველი ნაწილი) აქ
„დაშავებულის დახმარება კრიტიკულ ვითარებაში" (მეორე ნაწილი), ჩამოტვირთეთ დოკუმენტი აქ