2024 წლის არჩევნები საქართველოში, საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები, კარგი პრაქტიკა
16.07.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პერიოდის წესებისა და სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმების, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გასაზიარებლად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სახელმძღვანელო მოამზადა. სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან მაღალკვალიფიციური იურისტები ირმა პავლიაშვილი და თეონა მაჭარაშვილი, საარჩევნო საკითხებში მდიდარი გამოცდილებით, მიმოიხილავს საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღესა  და შემდგომ პერიოდში, განიხილავს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და კარგი პრაქტიკის მაგალითებს და  აღწერს საარჩევნო პროცესში მედიის როლსა და უფლებებს.

დემოკრატიულ სისტემაში „სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო უნდა აღიარებდეს და იცავდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს, რადგანაც სახელმწიფო შებოჭილია ამ უფლებებითა და თავისუფლებებით. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების განმტკიცებაზე. ხელისუფლების წყაროა ხალხი და მისი ნების გამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია - პერიოდული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

არჩევნების სამართლიანობა თავის მხრივ მოიცავს თავისუფალ, ინკლუზიურ, თანასწორ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს, სადაც დაცულია ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, უზრუნველყოფილია გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის სტანდარტები,  ამომრჩევლები ენდობიან არჩევნების შედეგებს.

მედია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოების ინფორმირების, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის საქმეში. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია გამოხატვის თავისუფლება და მედიის უფლებები. მნიშვნელოვანია, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაცული იყოს მედია ორგანიზაციებში დასაქმებული პირების უსაფრთხოება. კანონმდებლობით მედიის პროფესიული საქმიანობა დაცულია და ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულია. თავის მხრივ, მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას არსებითია მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვა, საარჩევნო პროცესის და პროცედურების მაღალი პასუხისმგელობის გრძნობითა და პროფესიონალიზმით  გაშუქება, რათა არავის მისცენ მათით მანიპულირების საშუალება და ამომრჩევლებს ინფორმაცია ობიექტურად მიაწოდონ.

მედიის საშუალებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ამომრჩეველი იღებს ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის წარმოებისას საარჩევნო სუბიექტების პროგრამებისა და მათი ხედვის თაობაზე. მედია მთავარ წყაროს წარმოადგენს ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების საქმეში, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი 2024 წლის არჩევნები საქართველოში, საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები, კარგი პრაქტიკა“