საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი გაბრიაძის განცხადება ჟურნალ "ჰოროსკოპი+რევიუს" მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით. გიორგი გაბრიაძე პირველი არასრულწლოვანია, რომელმაც ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო ეთიკური დარღვევისთვის ქარტიას მიმართა.
ის მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალში 2016 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული მასალით "ზანგი ქართველები" ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაირღვა, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
გიორგი გაბრიაძის აზრით, სადავო მასალა ახალისებს დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.