პირველი განცხადება თამარ შონიამ შემოიტანა, მისი თქმით, სტატიაში ავტორი "ზურაბ შონიაზე, (იგივე "პუშკინა") ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს და მას როგორც ფაქტს ისე წარუდგენს მკითხველს." შესაბამისად, თამარ შონია მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე). საბჭოს გადაწყვეტილებით ამ პრინციპის დარღვევა დადგინდა.
მეორე განმცხადებელი პაატა ლაგვილავა იყო, მას პრეტენზია ჰქონდა სტატიის იმ ნაწილთან, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატრს, ლევან შონიას ეხება. პაატა ლაგვილავა მიიჩნევდა, რომ შონიას მისამართით მასალაში გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და დარღვეულია პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
საბჭომ მსჯელობის შედეგად გადაწყვიტა, რომ ამ საქმეშიც დარღვეული იყო პირველი პრინციპი, რაც შეეხება ფაქტის განზრახ დამახინჯებას, ამ პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს 6 წევრიდან 2 დაეთანხმა მე-11 პრინციპის დარღვევას, 4 კი - არა. ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს 5 წევრის თანხმობა.
საქმის განხილვაში განმცხადებლებმა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მიიღეს მონაწილეობა. მოპასუხე ჟურნალსიტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.