28.10.2016
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორმა,
ზურამ ნაყეურმა, დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის
მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა
იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით."
ზურაბ ნაყეურის წინააღმდეგ განცხადება, ქარტიის საბჭოში ირაკლი მანაგაძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია "მაესტრომ" ლევან ვასაძის პირდაპირი ჩართვით მსოფლიო საოჯახო კონგრესიდან და მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენების ეთერში გაშვებით დაარღვია ქარტიის პრინციპები.
განმცხადებელი ასევე მიიჩნევდა, რომ გარდა მეშვიდე პრინციპისა, ზურაბ ნაყეურმა დაარღვია ქარტიის მე-9 პრინციპი(სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან), თუმცა ამ მუხლზე საბჭომ დარღვევა არ დაადგინა.
სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართა და ესწრებოდა, როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე მხარის წარმომადგენელი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.