საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ick.ge-ს ჟურნალისტებს, გელა მთივლიშვილსა და გელა შაშიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
პირველი განცხადება გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ მასალა "გურჯაანის გამგებელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს არღვევს" არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.
ასევე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური გელა შაშიაშვილს. სადავო მასალა "კორუფციული სქემა ახმეტის მუნიციპალიტეტში" ეხებოდა თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, ე.წ. "ნიამორის გადასახედის" აშენებას.
საქმის განხილვას მხოლოდ მოპასუხე მხარე, გელა შაშიაშვილი ესწრებოდა.
საბჭომ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არც ერთ საქმეში სადავო მუხლი დარღვეული არ ყოფილა.