საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის წარმომადგენელის, აკაკი გიგინეიშვილის წერილი, სადაც ის გამოხატავს თავის პოზიციას ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქმეზე, შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი: "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ"
ქარტიის საბჭომ საქმე "შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ" 2016 წლის 08 მაისს განიხილა. განმცხადებელი შალვა რამიშვილი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის დეკემბერში გადაცემა "პოლიტიკაში" მისი ნების საწინააღმდეგოდ გიორგი ბახტაძემ კონკრეტული რესპონდენტების მოწვევა აიძულა.
საქმის განხილვისას გიორგი ბახტაძის ინტერესებს აკაკი გიგინეიშვილი იცავდა. მის მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად, საბჭომ "ტენდენციური" გადაწყვეტილება მიიღო. წერილში განმცხადებელი ეხება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ საკითხებს. შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ როგორც ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება, ისე აკაკი გიგინეიშვილის განცხადება. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს ქარტიის საბჭოს სამდივნო განმარტავს:
- შალვა რამიშვილის განცხადების საკითხის დასაშვებობა დადგენილი იქნა სპეციალური წესით და იგი დასაშვებად სცნო საბჭომ.
- განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ, იგი გადაეგზავნა მოპასუხეს. შეტყობინებით საბჭო დაინტერესდა გიორგი ბახტაძის პოზიციით, ცნობილი იყო თუ არა მისთვის მიმოწერის შესახებ. სხდომის გამართვის წინა დღეს მოპასუხემ გვთხოვა, რომ მისთვის გადაგზავნილიყო ჩვენს ხელთ არსებული მიმოწერის ვერსია. არც სხდომამდე და არც სხდომის დროს მოპასუხეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია მიმოწერის ავთენტურობა. ამასთან, საქმის განხილვამდე გიორგი ბახტაძემ საჯარო განცხადებით დაადასტურა მიმოწერის შინაარსი.