საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი. სადავო მასალა გაზეთში 2016 წლის თებერვალში დაიბეჭდა. განმცხადებლები, მიხეილ ყელბერაშვილი და არჩილ ხაჭაპურიძე მიიჩნევდნენ, რომ ტრისტან წითელაშვილთან ინტერვიუში მათ წინააღმდეგ არაერთი ბრალდება ისმოდა და არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.
განმცხადებლების აზრით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ასევე დაარღვია ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის კეთილსიდისიერი მოპოვება) პრინციპი, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრინციპზე დარღვევა არ დადგინდა.
მიხეილ ყელბერაშვილმა და არჩილ ხაჭაპურიძემ სხდომის მიმდინარეობისას მოხსნეს მოთხოვნა მესამე (დადასტურებული წყარო, ფაქტების მიჩქმალვა) და მეხუთე ( შესწორება) პრინციპების მიმართ, შესაბამისად, საბჭოს ამ პრინციპებთან დაკავშირებით აღარ უმსჯელია.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლები დაესწრნენ.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.