ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ორგანიზაცია, რომელსაც 274 წევრი ჟურნალისტი ჰყავს. ქარტიის ხელმომწერებს შორის არიან სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალების წარმომადგნელები, ბლოგერები და დამოუკიდებლად მომუშავე ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მიმდინარე წელს ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში სხდომათა დარბაზთან მინისტრების ჩაწერა აეკრძალათ. მართალია, მათთვის ცალკე მოეწყო მედიაცენტრი, თუმცა, იქ მინისტრი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჩადის და არ არის ვალდებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხოს. სხდომათა დარბაზი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ კრიტიკული და არასასურველი კითხვები დაესვათ მინისტრებისთვის.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში როგორც ქარტიის წევრმა, ისე არაწევრმა ჟურნალისტებმა არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათგან კომენტარის მიღება გართულდა. ამგვარი რამდენიმე ფაქტი შეგვიძლია დაგისახელოთ:
ქარტიას მომართა გაზეთმა "პრაიმტაიმმა", რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი მათთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს. გაზეთმა ამ საკითხზე მასალაც გამოაქვეყნა (თინა ხიდაშელის სკანდალური "გარიგების" მცდელობა "პრაიმტაიმთან"), თუმცა მათი თქმით, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.
გართულებულ კომუნიკაციაზე საუბრობს საგამოძიებო სტუდია "მონიტორიც". ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მათთან კომენტარის გაკეთებაზე. გარდა ამისა, უწყების პრესსამსახური კითხვების გაგზავნას და შემდეგ წერილობით პასუხს სთავაზობს, ეს კი ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, ვინაიდან ვიზუალური გამოსახულების გარეშე გადაცემა ვერ მომზადდება და მთავარი, წერილობითი პასუხი ჩაძიების და კრიტიკული კითხვის დასმის საშუალებას არ იძლევა.
უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვს "კახეთის საინფორმაციო ცენტრიც", რომელმაც უკვე მოგმართათ საჯაროდ და ამ ფაქტით დაინტერესება გთხოვათ. გამოცემის თქმით, "კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური ხასიათი მიიღო საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებმა."
გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ. ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ორმაგ მნიშვნელობას იძენს.
აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გასული ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თუ მათზე თავდასხმის ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევებზე ქარტიამ რამდენიმე განცხადებაც გაავრცელა. რამდენიმე შემთხვევას დაგისახელებთ:
- საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე კარიკატურის გამოქვეყნებას მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, ჯავიდ გურბანოვის მხრიდან ზეწოლა და მუქარა მოჰყვა;
- 2015 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთში შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ადგილობრივ კორესპონდენტს;
- 2015 წლის 15 სექტემბერს, პრემიერის გურიაში ვიზიტისას ტელეკომპანია "მაესტროს" რეპორტიორს მის მიერ დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ახსნა-განმარტებები მოსთხოვა;
- 2015 წლის 1 სექტემბერს, ქედაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;
- 2015 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე "არა ეკლესიის დისკრედიტაციას" ონლაინ გამოცემა "ფოსტალიონის" ჟურნალისტს, ვახო კვარაცხელიას აქციაში მონაწილე გიორგი გაბედავამ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა;
- 2016 წლის იანვარს "ტაბულას" ჟურნალისტებს რესტორან "ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო;
- 2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას. მათი ცნობით, "ლიბერალის" ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო "ნეტგაზეთის" რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით
- როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის წევრებს შეახსენეთ, რომ ვალდებულნი არიან მედიასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია მაშინაც, როცა არ მოსწონთ რომელიმე მედიასაშუალება, ჟურნალისტი ან მათ მიერ დასმული კითხვები. გამოიჩინონ პატივისცემა და გაანალიზონ, რომ მედიის საშუალებით საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან.
- მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები ჩავიდნენ მედიაცენტრში და კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხონ მათ.
- უზრუნველყოფილი იყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
- გამოიყენეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, გამოძიების შედეგები კი აცნობონ საზოგადოებას, რათა მოქალაქეებისთვის ცნობილი იყოს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა კანონით ისჯება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 154-ე მუხლი რეალურად მუშაობს.
- შეიქმნას ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გესმით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია და მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ მთავრობასა და მედიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
წევრი 274 ჟურნალისტი
განცხადებას ასევე უერთდებიან: