საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგის ახალ ეტაპს იწყებს.
მედია მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. მონიტორინგი 2016 წლის 1 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩატარდება.
აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: განხორციელდება მედია მონიტორინგი და გამოვლენილ დარღვევებზე განცხადებები გაეგზავნება მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებს; გამოვლენილ პრობლემებზე მომზადდება კონკრეტული მაგალითების ანალიზი და გაიმართება დისკუსიები ჟურნალისტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან; შემუშავდება ბავშვთა საკითხების გაშუქების კონკრეტული სახელმძღვანელო წესები; გაიმართება ოთხი სემინარი კონკურსის წესით შერჩეულ ოთხ მედიაორგანიზაციაში(ორი თბილისში და ორი რეგიონში), სადაც ტრენერები უშუალოდ რედაქციებში იმუშავებენ და ჟურნალისტებს თემების დაგეგმვასა და მასალების მომზადებაში დაეხმარებიან; გაიმართება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან მედია წიგნიერების საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მონიტორები კონტენტ ანალიზის მეთოდით შეისწავლიან საბავშვო გადაცემებსაც.
მონიტორინგის შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება ივლისში, ხოლო საბოლოო ანგარიშს ქარტია საზოგადოებას დეკემბერში წარუდგენს. მედია მონიტორინგის პროცესში გამოვლინდება ბავშვთა საკითხების სიღრმისეული და ეთიკური გაშუქების საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი, რომელიც დეკემბერში, ქარტიის საერთო კრებაზე, იუნისეფისა და ქარტიის ყოველწლიური პრიზით დაჯილდოვდება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2013-2015 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სამი მსგავსი პროექტი განახორციელა. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების თვალსაზრისით. თუმცა ბავშვთა საკითხებს მედია მხოლოდ ახალი ამბების კონტექსტში აშუქებს და მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება. კვლავაც პრობლემად რჩება ისეთი თემების სიღრმისეულად გაშუქება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წინა პროექტის ფარგლებში მაუწყებლებმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აიღეს პასუხისმგებლობა განიხილონ ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოში შესული ყველა საჩივარი, მუხედავად იმისა, განმცხადებელი დაინტერესებული პირია თუ არა.
***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
ტელ: 593 42 18 55, n.dzvelishvili@gmail.com
www.persp.loc
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მობ.: (+995 599) 53 30 71 ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
www.unicef.ge