"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა პირველი პრინციპი დაარღვიეს
07.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნელი აგირბამ, დავით კაკულიამ, ეკო მაღრაძემ და პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა პირველი პრინციპი დაარღვიეს, რაც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.

სადავო მასალა 2015 წლის 30 აპრილს საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 18:00 საათზე გავიდა. სიუჟეტის თანახმად ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. სკანდალური ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს." საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ მასალაში დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორი პრინციპი - პირველი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია მესამე - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

ჟურნალისტურმა ეთიკის საბჭომ საქმე 7 ნოემბერს განიხილა. საქმის განხილვაში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია. საბჭოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ის" სადავო მასალაში ჟურნალისტებმა პირველი პრინციპი დაარღვიეს. მესამე პრინციპის დარღვევა კი არ დაფიქსირდა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.