გელა მთივლიშვილს არ დაურღვევია პირველი პრინციპი
06.11.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" (ICK) რედაქტორს, გელა მთივლიშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი მუხლი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში გამოცემის წინააღმდეგ განცხადება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიტანა. სადავო სტატია "37 ათასი ლარი თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებისთვის" 2015 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასალიდან ირკვეოდა, რომ "თუშეთში ჩინოვნიკების დროსტარებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 000 ლარი დაიხარჯება". "ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ თუშეთში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ჩასვლას და მას საკადრისად უნდა დახვდნენ." განმცხადებელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური მიიჩნევდა, რომ ick.ge-მ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქმის განხილვას, სადაც  თითოეულ მათგანს მიეცა საშუალება წამოეჩინა საკუთარი პოზიცია. მხარეთა გამოკითხვის შემდეგ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სადავო მასალაში პირველი მუხლი არ დარღვეულა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.