31.10.2015
კატეგორია : ღონისძიებები;
კვლავაც პრობლემად რჩება ისეთი თემების სიღრმისეულად გაშუქება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა მედიის მცდელობა ამ მიმართულებით გაცილებით მეტად შესამჩნევია, ვიდრე გასულ წლებში - ასეთია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც მარტი-სექტემბრის პერიოდში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შესწავლილი მასალების საერთო რაოდენობის მხოლოდ 12%-ში ჰქონდა მედიას ბავშვთა საკითხების სრულად/სიღრმისეულად გაშუქების მცდელობა, მასალების ძირითადი ნაწილი, 88%, კვლავაც მოკლე ინფორმაციას ეთმობოდა. ანალოგიური სურათია ბავშვის მონაწილეობით და მის გარეშე მომზადებული მასალების რაოდენობრივ მონაცემებშიც - საერთო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილში მონაწილეობდნენ ბავშვები, უმრავლესობა კი მათ გარეშე მომზადდა. მედიაში ყველაზე ხშირად განათლებასთან დაკავშირებულმა საკითხები შუქდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მთავარი ყურადღება კონკრეტული მოვლენების გაშუქებას ეთმობოდა და არა განათლების საკითხებზე სიღრმისეულ მსჯელობას. მას მოსდევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ტრაგედიებისა და უბედური შემთხვევების გაშუქება და ქველმოქმედება. ყველაზე ნაკლები ყურადღება ოჯახში ძალადობის თემას დაეთმო. რაც შეეხება ეთიკური სტანდარტების დაცვას, მედია ძირითადად ცდილობს დაიცვას ბავშვის უფლებები და ეთიკური ნორმები, თუმცა ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტებსა და რედაქტორებს უჭირთ სწორი ფორმების მოძებნა.
ბავშვების მიმართ სიფრთხილისა გამძაფრება მედიაში ზოგჯერ უკუშედეგსაც იწვევს, მედია ერიდება არა მხოლოდ მტკივნეული და მგრძნობიარე თემების აქტუალიზებას, არამედ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების დროს ბავშვების ჩართვას ჟურნალისტურ პროდუქტში. სწორედ ბავშვთა საკითხების სიღრმისეული და ეთიკური გაშუქების მხარდაჭერის მიზნით, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ის ჟურნალისტური ნამუშევრები, სადაც ეთიკური სტანდარტების დაცვით გაანალიზებული იყო მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, სპეციალური პრიზები გადაეცათ ავტორებს: ლელა დუმბაძეს - გაზეთ "ბათუმელებსა" და პორტალ "ნეტგაზეთზე", არასრულწლოვანთა ქორწინების თემაზე გამოქვეყნებული სტატიისთვის; გვანცა სუთიძეს - გადაცემა "კურიერ P.S.-ში" გასული სიუჟეტისთვის სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების შესახებ და მანანა მამაგულაშვილს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მულტიმედია მასალისთვის, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში სასკოლო რადიოს შექმნაზე მოუთხრობდა მკითხველს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში ". პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: მედიის მონიტორინგი, სემინარები ჟურნალისტებისთვის და თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურების ადვოკატირება. ეთიკური გაშუქების საკითხებზე ჟურნალისტებისათვის სემინარები გაიმართა გორში, თელავსა და ბათუმში. მონიტორინგის მიზანი, ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა აღიარებულ უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი იყო. ქარტიის მონიტორებმა მედიის ანალიზი დაიწყეს 2015 წლის 1 მარტს და 30 სექტემბრამდე შეისწავლეს 8 255 ნამუშევარი, როგორც სიუჟეტები და სტატიები, ისე მოკლე ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვებს. მონიტორინგის დროს გამოიყენებოდა ანალიზის როგორც რაოდენობრივი ისე თვისებრივი მეთოდი.
მონიტორინგის ანგარიში სრულად