06.09.2015
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები 2015 წლის 5 სექტემბერს განხილულ
საქმეებზე:1. მედიის განვითარების ფონდის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადების განხილვის შედეგად საბჭომ მიიჩნია, 2015 წლის 8 აგვისტოს gurianews.com - ზე, გიორგი გაჩეჩილაძის სახელით გამოქვეყნებულ სტატიაში: "თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება", დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი.
2. საქმეზე სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჟურნალისტ ეთერ თურაძის წინააღმდეგ [სადავო სტატიები: გაზეთ "ბათუმელები" - "პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები" და ონლაინ გაზეთ "netgazeti.ge" - "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ დაადასტურა"], საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია სადავო პირველი და მე_11 პრინციპი.
3. საქმეზე: ელისო ჩაფიძე მედია პორტალ ctv.ge ის წინააღმდეგ. საბჭომ დაადგინა, რომ სადავო ფრაზა: "ტყიბული, იმ ქალაქმა რომელმაც ამირჩია და მომცა ლეგიტიმაცია იქაც არიან გეები. მათ შორის შახტაშიც, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მე ვალდებული ვარ დავიცვა მათი უფლებები ეს ჩემი მოვალეობაა". არ ეკუთვნის ელისო ჩაფიძეს, და არც იმ სტატიაში გვხვდება რომელიც განთავსებულია პორტალ ctv.ge_ ზე. როგორც მხარეების მიერ წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, აღნიშნული ფრაზა წარმოადგენს ფაქტის დამახინჯებას და განთავსდა კლონირებულ საიტზე, რომლის ინტერფეისი და მისამართი მსგავსია საიტის ctv.ge. როგორც საბჭოსათვის ცნობილი გახდა, საიტ ctv.ge_ის ადმინისტრაციას განზრახული აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ფაქტის შესწავლის მიზნით.
ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ მუხლის ძირითადი სიმძიმე მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია. არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია, რაგინდ მნიშვნელოვანი, უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ.
ქარტიის მე-7 პრინციპი ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
ქარტიის მე-11 პრინციპი ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი.