ქარტიის საბჭოს განცხადება ქედაში მომხდარ ინციდენტზე
02.09.2015

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 1 სექტემბერს, ქედაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აჭარის პროკურორის სახელზე, ჟურნალისტ ლაშა ველიაძის მიერ გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდა ინტერვიუს ჩაწერაში, სამინისტროს კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა მირზა სუქნიშვილმა კი ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე აჭარის რესპუბლიკის პროკურატურას დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ და შეახსენებს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება კანონით. ეს არ არის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს, თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია. რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის აუცილებლობა, როგორიც არის მედია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.