ქალთა მოძრაობის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა მედიასაშუალებებს ოჯახში ძალადობის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით
31.07.2015

კატეგორია : განცხადებები;
31 ივლისი, 2015 ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში მწვავე დისკუსია გამოიწვია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 26 ივლისს გადაცემა "იმედის კვირაში" გასულმა სიუჟეტმა, რომელიც რეალური ქალის მიერ ოჯახში განცდილ ძალადობას და ე.წ. "ქალიშვილობის ინსტიტუტის" ფენომენიდან გამომდინარე პრობლემატიკას ასახავდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სიუჟეტის წარდგენისას, ასევე დასრულების შემდეგ ჩანს გადაცემის წამყვანების განზრახვა, რომ ინციდენტი პრობლემის კუთხით წარმოჩნდეს, თავად სიუჟეტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის რევიქტიმიზაციას და მავნე სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას ახდენს. ჟურნალისტური პროფესიული სტანდარტები მოითხოვს ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების და სივრცის პატივისცემას და დაუშვებლად მიიჩნევს ემოციებით და განცდებით მანიპულირებას. ამ სიუჟეტის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალის პირადი სივრცე უხეშად და ხელაღებით დაირღვა; აუდიტორიამ არა მხოლოდ მისი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი შეიტყო, არამედ ისეთი ინტიმური დეტალებიც, როგორიცაა მენსტრუალური ციკლი, ქალწულობის ექსპერტიზის დასკვნა, სქესობრივი აქტის და სექსუალური ძალადობის ადგილი - საწოლის ახლო ხედების ჩათვლით. ამ ყველაფერს ვულგარული სენსაციის შექმნის ელფერი უფრო ჰქონდა, ვიდრე ღრმა და სერიოზული პრობლემის თუნდაც ძალიან რეალისტურად წარმოჩინების. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35. 6 მუხლი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდის დასაშვებს, როდესაც "იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს". ეს სიუჟეტი ვერ ჩაითვლება მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად. საზოგადოებაში ქალთა სექსუალური კონტროლის და ჩაგვრის შესახებ დისკუსიის წამოწყება არ აღემატება იმ ზიანს, რომელიც სიუჟეტში იდენტიფიცირებულ ქალს შეიძლება მიადგეს, ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეპრესიული და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შედეგად. მსხვერპლის ვინაობის გამჟღავნებაზე თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჟურნალისტებს აკისრიათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიაზრონ ის წნეხი, რომელშიც მათი რესპონდენტი შეიძლება აღმოჩნდეს სოციუმში გაბატონებული შეხედულებების გამო. ცხადია, ჟურნალისტი ვერ მოახდნეს ძალადობის, როგორც ახალი ამბის იგნორირებას, მაგრამ ფართო სურათის ჩვენებით და არა ერთ ინდივიდზე ფოკუსირებით, მას შეუძლია პრობლემა ადამიანის უფლებების კუთხით და სამართლებრივ კონტექსტში წარმოაჩინოს. იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უსამართლობის დაძლევაში და ქალთა ჩაგვრასთან ბრძოლაში - პრობლემის სიღრმისეულად და სერიოზულად გაშუქებით და საზოგადოებაში ჭეშმარიტი დისკუსიის გამოწვევით. საიმისოდ, რომ მედიამ, როგორც გავლენიანმა ინსტიტუტმა, საზოგადოების წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას ასახოს ის მიდგომები, რომლებიც UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებშია მოცემული. მივმართავთ მედია საშუალებებს:
  • ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქებისას, არ მოხდინოს ადამიანის რევიქტიმიზაცია;
  • კონცენტრაცია მოახდინოს გადარჩენილზე, პატივი სცეს მის განცდებს და მოახდინოს მათი მინიმალიზება;
  • ეჭვქვეშ დააყენოს მცდელობა, ბუნებრივად და ღირსების საქმედ წარმოაჩინონს მომხდარი;
  • დაეხმაროს აუდიტორიას, გაიგოს ფართო კონტექსტი, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით;
  • იყოს თანმიმდევრული გაშუქებისას, როგორც სამართლებრივ პროცესზე თვალყურის მიდევნების მხრივ, ასევე პოსტ-ტრავმულ პერიოდთან გამკლავების კუთხით.
ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავმართოთ ფართო და ღია დისკუსიები მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მივაღწიოთ კონსენსუსს იმ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ინდივიდის პირადი ცხოვრების პატივისცემაზე.   ქალთა მოძრაობა მედიის განვითარების ფონდი - MDF საფარი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი მედია კლუბი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია იდენტობა შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის" ქალთა ფონდი საქართველოში წამების მსხერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილისტაციის ცენტრი - GCRT ქალთა საინფორმაციო ცენტრი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი კონსტიტუციის 42-ე მუხლი საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.