05.09.2014
2014 წლის 31 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს სხდომა. საქმეზე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი
ჰოლდინგი" თეა ზიბზიბაძის და ანა ჯანაშიას წინააღმდეგ,
საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მეხუთე
და მეათე პრინციპები. განცხადება ეხებოდა ვებ
გვერდ http://www.newpress.ge ზე
გამოქვეყნებულ სტატიებს ვანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით
(მედიის ინფორმაციით, მამამ შვილისთვის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად
თავი მოიკლა).საქმეზე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ხათუნა მგალობლიშვილის წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე და მერვე პრინციპები. განცხადება ეხებოდა გაზეთ "პრაიმ თაიმში" 2014 წლის 14 აპრილს გამოქვეყებულ სტატიას სათაურით "თვითმკვლელი მამის ტრაგედია".
საქმეზე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე, მერვე და მეთერთმეტე პრინციპები. განცხადება ეხებოდა გაზეთ "ასავალ-დასავალში" 2014 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას "რა კავშირი აქვს ვანის რაიონის სოფელ გორაში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიასთან მამუკა ხაზარაძეს".
პრინციპი 1 : "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
პრინციპი 3: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია"
პრინციპი 5: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".
პრინციპი 8: "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება".
პრინციპი 10: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".
პრინციპი 11: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები - ფაქტის განზრახ დამახინჯება". საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამივე საქმეზე გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.