ქარტიის საბჭოს განცხადება თოქ-შოუ "რეაქციაზე-
15.02.2014

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება, გუშინ, 14 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში" გასულ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელშიც ლეიკემიის მქონე მოზარდი მონაწილეობდა. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი და მისი ჯამრთელობის რთული მდგომარეობა გადაცემაში გამოყენებული იყო არაკეთილსინდისიერად. მაუწყებლთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს არასწულწლოვანთა დაცვას, კერძოდ: 1.      არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად. 2.      მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო. ამავე დროს, ტელეკომპანია "იმედის" დეკლარირებული აქვს საკუთარი ერთგულება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ, რომლის მე-8 მუხლი სწორედ ბავშვთა და არასრუწლოვანთა ინტერესების დაცვაზე მიუთითებს. ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს:
  1. მიუხედავად იმისა, რომ თავად მოზარდი გადაცემაში ძალდატანების გარეშე საუბრობდა და სტუდიაში იმყოფებოდა მისი მშობელიც, გადაცემის ეს კონკრეტული ეპიზოდი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანმა ხელი შეუწყო მოზარდის პოლიტიკური დებატების წასაქეზებელ ინსტრუმენტად გამოყენებას.
  2. გადაცემაში არ ყოფილა საუბარი ლეიკემიისა და ლეიკემიის მქონე ბავშვების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების შესახებ. ლეიკემიის მქონე მოზარდის მონაწილეობა გადაცემაში დაკავშირებული აღმოჩნდა არა მისი და სხვა მსგავსი ჯანმრთელობის მქონე ბავშვების საკითხთან, არამედ  მოზარდი გამოყვანილი იყო მსხვერპლად და პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ ობიექტად.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვის ინტერესებს და მათთან დაკავშირებულ თემებს. ნუ გამოიყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი პროგრამებისთვის დამატებითი ემოციური ფონის შესაძენად.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.