28.01.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს
ბავშვთა ფონდთან ერთად იწყებს ახალ პროექტს ქართულ მედიაში ბავშვთა
საკითხების ეთიკური გაშუქების მხარდასაჭერად. პროექტი გაგრძელდება 5
თვის განმავლობაში და ის მოიცავს, როგორც მედიის მონიტორინგს, ისე
სხვადასხვა აქტივობას.იმის გამოსავლენად, თუ რამდენად იცავს მედია საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს, მონიტორები 15 იანვრიდან 1 ივნისის ჩათვლით დააკვირდებიან ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო მედიას. ეთიკური გაშუქების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში სპეციალური დასკვნა ქარტიის მიერ გაეგზავნება კონკრეტული მედია საშუალების თვითრეგულირების ორგანოს.
მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნდება ერთი შუალედური და ერთი საბოლოო ანგარიში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა-დისკუსია მედიასაშუალებების რედაქტორებთან და ტრენინგი ჟურნალისტებისთვის. პროექტი ითვალისწინებს კიდევ ერთ სიახლეს - შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი დააჯილდოებენ მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს. გამოვლინდება ერთი ბეჭდური და ერთი ვიდეო ნამუშევარი, რომელიც მომზადებული იქნება ბავშვთა საკითხებზე პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მაქსიმალური დაცვით. 2013 წლის ზაფხულის განმავლობაში უკვე გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ქარტიამ უკვე ჩაატარა ქართული მედიის მონიტორინგი. შედეგებმა, რომელიც გამოქვეყნებულია, როგორც ქარტიის ისე ფონდის ვებგვერდზე, აჩვენა, რომ ჟურნალისტები და რედაქტორები ნამდვილად მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ბავშვთა საკითხების გაშუქებას, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ზოგ შემთხვევაში მედიას მაინც უჭირს ბავშვებისა და მოზარდების თემაზე მომზადებული სიუჟეტებისა და სტატიებისთვის სწორი ფორმების მოძებნა. ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასულ წლებშიც ხორციელდებოდა. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საჭიროა "მაუწყებელთა ქცევის კოდექსში" ცვლილების შეტანა. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დაინტერესებული პირის დეფინიციის ცვლილებას, რომლის თანახმადაც "დაინტერესებული მხარის" ცნება უნდა მოიცავდეს მედია ეთიკის და ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც.