ქარტიის საბჭო "პანორამის- წინააღმდეგ განცხადებას ვეღარ განიხილავს
29.12.2013
ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა განმცხადებელთა ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროგრამათა ხელმძღვანელმა, ქარტიის წევრმა, ბაია ცანავამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

განმცხადებლების პოზიციით, პრინციპი დაირღვა სიუჟეტში - "სიმბოლოები, ინტერპრეტაციები, ანტიდასავლური განწყობები, რეალობა და მითი, გლობალიზაცია", რომელიც 2013 წლის 15 დეკემბერს გადაცემა "პანორამაში" გავიდა. საბჭომ განცხადება დასაშვებად ცნო, რის შემდეგაც სამდივნომ ის მოპასუხეს გადაუგზავნა.

ბაია ცანავამ, საპასუხოდ, საბჭოს აცნობა, რომ "პანორამის" მომდევნო, 22 დეკემბრის, გადაცემაში სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით წამყვანმა გააკეთა შემდეგი განმარტება: "ვიდრე დღევანდელ გადაცემას დავიწყებდეთ, წინა კვირას გასულ სიუჟეტს გამოვეხმაურები, რომელსაც საზოგადოებაში დიდი განხილვა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, პანორამის გუნდს ჰქონდა იდეა, გაეკეთებინა სიუჟეტი ანტიდასავლურ შიშებზე და მითებზე რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს, გვქონდა ამოცანა, რომ გვეჩვენებინა, რომ ეს სტერეოტიპები რეალობას აბსოლუტურად მოკლებულია და არანაირი მყარი საფუძველი არ გააჩნია, სამწუხაროდ შედეგი საწინააღმდეგო გამოვიდა" ზემოაღნიშნული კომენტარი დამაკმაყოფილებლად მიიჩნია განმცხადებელმა.

იმის გამო, რომ მედიაცია შედგა, პროცედურის შესაბამისად, ქარტიის საბჭო განცხადებას ვეღარ განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.