ქარტიის საბჭოს მოსაზრება მოქალაქეთა ჯგუფის მიმართვაზე
09.12.2013

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა მოქალაქეთა ჯგუფმა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ვებ გვერდებმა primetimenews.ge,  news.ge და ambebi.ge ლაშა ბაქრაძის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს

გავრცელებითა და ამ მასალისთვის შერჩეული სათაურით დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული საქმიანობის სტანდარტები.  წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შესაბამისი ბმულები, სადაც შეიძლებოდა სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ნახვა.

 

განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ლაშა ბაქრაძის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებული ოჯახური ფოტო, არ წარმოადგენდა  მაღალი საზოგადოებრივი  ინტერესის საგანს  და მისი გავრცელება  ნიუსის სახით  ემსახურებოდა მხოლოდ ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

ვინაიდან სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორები არ წარმოადგენენ ქარტიის ხელმომწერ პირებს, ქარტიის საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განცხადება განეხილა საქმის წარმოების წესის შესაბამისად, თუმცა ვინაიდან საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება მიიჩნიეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ფაქტად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს შემდეგი მოსაზრება:

1.         საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო პუბლიკაციებში ჟურნალისტებმა დაარღვიეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მაშინ როდესაც არ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.   ლაშა ბაქრაძის მეუღლისა და ვაჟის ფოტო არ შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი ინტერესის საგანს. პირადი ცხოვრებით დაინტერესება მედიის მხრიდან  მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, ეს კი მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა.

2.         ჟურნალისტებს უნდა გაეთვალისწინებინათ ყველა რისკი, რაც თან ახლავს მსგავსი ინტიმური შინაარსის საოჯახო ფოტოების არაადეკვატური, უხამსი დასათაურებით გამოქვეყნებას. მით უმეტეს, რომ ფოტოს ერთ-ერთი პერსონაჟი ბავშვია.

3.         ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ვებ გვერდების primetimenews.ge,  news.ge და ambebi.ge  რედაქციებს,  მათი ვებგვერდებიდან აიღონ მასალა, სადაც ლაშა ბაქრაძის საოჯახო ფოტოა ან მასზე გადასასვლელი ბმული და, შესაძლებლობის ფარგლებში, გულდასმით ეცადონ, ეს ფოტო ინტერნეტის საძიებო სისტემებით არ იძებნებოდეს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.