მოსაზრება "პალიტრა ტვ-ს- რეპორტაჟზე
21.10.2013

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის

მ ო ს ა ზ რ ე ბ ა

«პალიტრა ტვ-ს» ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოქალაქე ციური ბაკარანძის (კვარაცხელიას) წარმომადგენელმა  შორენა კალანდიამ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2013 წლის 5 სექტემბერს «პალიტრა ტვ-ს» ვებ-გვერდზე (www.palitratv.ge) გამოქვეყნებულ მასალაში «დაუმარხავი შვილი, რომელსაც დედა 18 წელია უხრწნელად ინახავს» (რეპორტაჟი «მეგრული» სასაფლაოებიდან) და მის თანდართულ ვიდეომასალაში «სოფელ ბაშში დედა 18 წლის გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის» დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული საქმიანობის სტანდარტები. ამ მასალების მოძებნა ახლაც შეიძლება ვებ-გვერდებზე www.ambebi.ge და www.skandal.ge

განმცხადებლის თქმით, ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მცხოვრები ციური ბაკარანძის (კვარაცხელიას) ოჯახს ესტუმრა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მცხოვრები ვეფხვია (ლადო) ჭითანავა, რომელსაც ახლდა ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ჭითანავამ მასპინძლებს განუმარტა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი მისი მეუღლე იყო, ბავშვი – მათი შვილი, ხოლო მეორე ქალბატონი იყო მეუღლის ნათესავი მაკა ქობალია. სტუმრებს სურდათ, მოენახულებინათ 18 წლის წინ გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის საფლავი, თუმცა განცხადებიდან ირკვევა, რომ ჯონი ბაკარანძე არ არის დაკრძალული და მას საგანგებოდ უვლიან მშობლები. როდესაც მაკა ქობალიას ხელში ციური ბაკარანძემ რაღაც შენიშნა, მაკა ქობალიამ უთხრა: «ხომ არ გეწყინებათ, ჩემებს ვუჩვენებო».

განმცხადებელს მიაჩნია, რომ საუბარი ახლობლურად, მეგრულ ენაზე მიმდინარეობდა და ციური ბაკარანძეს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ეპიზოდი მედიაში მოხვდებოდა. «პალიტრა ტვ-ს» ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის შესახებ ციური ბაკარანძეს აცნობა შვილიშვილმა, გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის შვილმა. სიტყვა «მუმია» აუდიტორიამ აღიქვა დასაცინად და გამოქვეყნებულ მასალას მოყვა არაკორექტული კომენტარები გარდაცვლილი პიროვნების და მისი მშობლების შესახებ. შორენა კალანდიას განცხადებით, შექმნილმა ვითარებამ სასოწარკვეთაში ჩააგდო მარიკა ბაკარანძე, გარდაცვლილის ქალიშვილი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ოთახიდან არ გამოდიოდა და უნივერსიტეტში არ მიდიოდა. რედაქციამ უარი განაცხადა მასალის მოხსნაზე ვებ-გვერდიდან და კომენტარების დაბლოკვაზე. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა მაკა ქობალიამ მოგროვებული მასალები გადასცა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემისთვის. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება, როგორც გარდაცვლილის მშობლების, ასევე – მისი ქალიშვილის. განმცხადებელი ამ ვითარებას აფასებს ფსიქოლოგიურ ზეწოლად ოჯახზე.

წარმოდგენილ მასალებს თან დართული აქვს მოქალაქე ვეფხვია ჭითანავას განცხადება, რომლშიც იგი განმარტავს, რომ იგი მიყვა ბაკარანძეების ოჯახში ჟურნალისტს, თუმცა მაკა ქობალიას არ წარუდგენია ბაკარანძეების ოჯახისთვის თავი «პალიტრა ტვ-ს» ჟურნალისტად, არც გადაღებაზე ნებართვა უთხოვნია და არც ის უთქვამს, რომ გადაღებული მასალა რომელიმე ინტერნეტ-საიტზე განთავსდებოდა. გარდა ამისა ვეფხვია ჭითანავა განმარტავს, რომ «პუბლიკაციაში მითითებული გარემოება, თითქოს ჩემგან გაიგო მ. ქობალიამ ჯონი ბაკარანძის ამბავი, არ შეესაბამება სიმართლეს. იგი თბილისიდან იყო ჩამოსული ამ ამბავზე სიუჟეტის მოსამზადებლად და მე ადამიანურად დახმარება შევთავაზე».

მაკა ქობალია არ არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი. შესაბამისად, ქარტიის საბჭო წარმოდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. განმცხადებელს მართებულად ესმის ქარტიის საქმის წარმოების წესი და ითხოვს მოსაზრების გამოქვეყნებას. ქარტიის საბჭოს სათანადო წევრებმა მიიჩნიეს, რომ ამ საკითხზე ქარტიის საბჭომ უნდა მოამზადოს მოსაზრება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნო დაუკავშირდა ჟურნალისტ მაკა ქობალიას და შესთავაზა, რომ მას ქარტიის საბჭოსთან ეთანამშრომლა. სამდივნოს განმეორებითი თხოვნის მიუხედავად ჟურნალისტს პასუხი არ გაუცია, რაც თვისობრივად გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტმა თანამშრომლობას თავი აარიდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს საკუთარი მოსაზრება:

  1. ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდებით. ფარული გადაღება და იდენტობის შეცვლა ინფორმაციის მოსაპოვებლად მხოლოდ მაშინ შეიძლება განვიხილოთ «კეთილსინდისიერ და სამართლიან მეთოდად», როდესაც ინფორმაციის მოპოვების ყველა სხვა გზა ამოწურულია და საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამართლებს ინფორმაციის მოპოვების არაკეთილსინდისიერ გზას – ფარულ გადაღებას. «პალიტრა ტვ-ს» ზემოთ განხილული რეპორტაჟის მომზადებისას არანაირად შეინიშნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმ მოვლენის მიმართ, რასაც აშუქებს ჟურნალისტი. გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის ცხედრის შენახვის ისტორია არ არის ის მოვლენა, რომელმაც არსებითად შეიძლება შეცვალოს საზოგადოებრივი თვითმმართველობის გარემო, წარმოადგენს მხოლოდ პირადი ცხოვრების სფეროს. ამიტომ ჟურნალისტის წინაშე არ იდგა ფარული გადაღების მეთოდის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა.
  2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განმარტებისას მიღწეულია შეთანხმება, რომ ფარული ჩანაწერი უნდა გამოქვეყნდეს არა ანონიმურად და ჩაწერილი ადამიანის კომენტარებითურთ, ანუ ფარული ჩაწერის შემთხვევაშიც კი ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ჩაწერილ რესპონდენტს უნდა მიეცეს კომენტარის გაკეთების საშუალება. ჟურნალისტმა მაკა ქობალიამ მიიჩნია, რომ უნდა ეწარმოებინა ფარული გადაღება, თუმცა მას შემდგომ ციური ბაკარანძისთვის არ უთქვამს, რომ მასალა ფარულად ჩაწერა და არ სთხოვა კომენტარი. გარდაცვლილი ჯონი ბაკარანძის ოჯახის წევრები (მშობლები და შვილი) მასალის გამოქვეყნების შემდგომ არ უნდა იგებდნენ, რომ მასალა ფარულად არის ჩაწერილი.
  3. საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო სტატიაში ჟურნალისტმა პატივი არ სცა და სიფრთხილით არ მოეკიდა სხვა პირების პირად ცხოვრებას, მით უმეტეს როდესაც არ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამ ეთიკური პრინციპის დარღვევამ გამოიწვია ისეთი კომენტარების გამოქვეყნება, რომელიც, ერთი მხრივ, შეურაცხყოფს მიცვალებულის პატივს, მეორე მხრივ კი – ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით გარდაცვლილი პირის ქალიშვილს. ჟურნალისტს უნდა გაეთვალისწინებინა ყველა ის რისკი, რაც ახლავს მსგავსი მასალების მომზადებასა და გამოქვეყნებას.
  4. „პალიტრა ტვ“  2013 წლის 15 აპრილიდან ფლობს თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიას და შესაბამისად ვალდებულია დაიცვას ნორმატიული აქტით – ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პრინციპები, მათ შორის კოდექსის 35-ე მუხლი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს პალიტრა ტვ-ს, რომ  სასწრაფოდ უზრუნველყოს, შესაბამისი ვიდეომასალის აღება პალიტრაTV -სა და მასთან დაკავშირებულ ვებ გვერდებიდან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.