ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მოსაზრება გაზეთ «ვერსიაში» გამოქვეყნებული სტატიის შესახებ
22.02.2013

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს (შემდგომ "საბჭო") განცხადებით მომართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს (შემდგომ „საბჭო“) განცხადებით მომართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაზეთ «ვერსიის» 2013 წლის 15 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „SOS! [….] საჯარო სკოლაში [……] კლასელი ბიჭი გააუპატიურეს“ დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკისა და საქმიანობის სტანდარტები.

სამინისტროს პოზიციით, სტატიაში გადმოცემული ამბავი ეყრდნობოდა არა ფაქტებს, არამედ მოსაზრებებს და ამავდროულად, სტატიაში მითითებული ინფორმაციით შესაძლებელი იყო ინციდენტში შესაძლო მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.

განცხადების განხილვისას საბჭო გაეცნო გაზეთის რედაქციის პოზიციას განმცხადებლის პრეტენზიასთან დაკავშირებით. რედაქციის განმარტებით, ისინი არ წარმოადგენდნენ ინფორმაციის გავრცელების პირველწყაროს. გარდა ამისა, მათ დააზუსტეს, რომ მალე გამოქვეყნდებოდა ინტერვიუ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის დედასთან, რომელიც დეტალურად ისაუბრებდა საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

გაზეთის რედაქტორი ან/და სტატიის ავტორი არ არიან ქარტიის წევრები, ამიტომ საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ განცხადება განეხილა „საბჭოს მიერ საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად. მიუხედავად ამისა, საბჭოს შესაბამისმა წევრებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულმა სტატიამ გამოიწვია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და რეზონანსი. ამასთან, სასწავლო პროცესი და სკოლაში არსებული პრობლემები მუდმივად უნდა იყოს საჯარო დისკუსიის საგანი. საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლე, ათეულობით ათასი მასწავლებელია და სკოლასთან შეხება აქვს უმრავლეს ოჯახს, ცხადია სტატიაში ასახული თემების გაშუქების მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მაგრამ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჟურნალისტმა ღირსეულად დაიცვას ბალანსი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, მით უფრო, თუ საკითხი არასრულწლოვნებს ეხება. სამინისტროს განცხადების განხილვისას საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სტატია ეხება სკოლაში შესაძლო არსებულ ძალადობას არასრულწლოვნებს შორის, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ საკითხს მიანიჭოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი. აქედან გამომდინარე, საბჭომ განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება „საბჭოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეების განხილვის წესის“ შესაბამისად და გამოხატა თავისი მოსაზრება სტატიასთან დაკავშირებით.

მოსაზრება
1. სადავო სტატია არ პასუხობს ჟურნალისტურ სტანდარტებს სიზუსტის მხრივ. კერძოდ, სათაურში სტატიის ავტორი მტკიცებით ფორმაში გვთავაზობს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი გააუპატიურეს. თავად სტატიაში უტყუარად არ დასტურდება, რომ გაუპატიურება ნამდვილად მოხდა. შესაბამისად, სათაურში მითითებული ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში მოყვანა და დადასტურებულ ფაქტად შემოთავაზება შეუსაბამო იყო ჟურნალისტის მოვალეობასთან, რომ ფაქტად გაავრცელოს მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია. აქვე დავძენთ: საბჭო არ ეთანხმება განმცხადებელს, რომ გაზეთში მოყვანილი ინფორმაცია მხოლოდ ჟურნალისტის პირად მოსაზრებებს ეყრდნობოდა. სტატიაში მოყვანილია 3 წყარო: დირექტორი, ერთ-ერთი მშობელი და განათლების სამინისტრო, სამივე წყარო ნაწილობრივ ადასტურებს რაღაც ინციდენტის, რაღაც ძალადობის ფაქტის არსებობას. მაგალითად, მშობელი ყვება, რომ ძალადობის ფაქტი მოხდა და ამის გამო სკოლის დატოვებაც მოუწია რამდენიმე მოსწავლეს. სტატია შეიცავს სამინისტროს პოზიციასაც, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს შესაბამისი სკოლის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა და საკითხს სამინისტრო სწავლობს, იქვე აღნიშნულია, რომ ფაქტი სამინისტრომაც დაადასტურა.

2. საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიაში ჟურნალისტმა პატივი არ სცა და სიფრთხილით არ მოეკიდა სხვისი პირის პირად ცხოვრებას, მითუმეტეს როცა ხელყოფის სუბიექტი არასრულწლოვანი იყო. სტატიაში მითითითებული იყო სკოლა და კლასი, ბავშვის ოჯახური მდგომარეობა [ბიჭს დედა და ბებია ზრდიან], აღნიშნული ინფორმაცია კი შესაძლებლობას იძლეოდა თავისუფლად მომხდარიყო იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელიც გახდა შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სტატია კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავდა შესაძლო მოძალადე პირების შესახებაც.

საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ და წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევას. ვფიქრობთ, რომ ჟურნალისტს თავი უნდა შეეკავებინა ასეთი დეტალების სტატიაში გამჟღავნებისგან. რითაც მან დაარღვია საქვეყნოდ აღიარებული ჟურნალისტური პრინციპები, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს და არ შეიჭრას ადამიანის პირად ცხოვრებაში. ჟურნალისტი ასევე ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მედიასაშუალება უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ თემის გაშუქებას, არ უნდა მომხდარიყო სკოლის დასახელება და ინციდენტში შესაძლო მონაწილე არასრულწლოვნების შესახებ რაიმე კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.