ელისო ჯანაშია: “მიმაჩნია, რომ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ჩვენი მედიასაშუალების პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის 1-ელ, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტების დარღვევას”
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს
განმცხადებელი ელისო ჯანაშია
განცხადება
(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)
მივიჩნევ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის
შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით
შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც
შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის
ნორმები:
ლაშა ზარგინავა,
რადიო „ჰარმონიის“ ჟურნალისტი
კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.
მ/წ 26 სექტემბერს, რადიო „ჰარმონიის“ ეთერით გავიდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“, რომელშიც საუბარია, ამ კუთხით ფოთის მედიასაშუალებებში არსებულ სიტუაციაზე. აღნიშნული სიუჟეტი იწყება ფრაზით: „ფოთში მომუშავე მედიასაშუალებები – საჭირო ინფორმაციის მიღებისას, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან“.
ბუნებრივია, ამ ფრაზის შემდეგ, სიუჟეტში განხილული უნდა იყოს ფოთში მომუშავე ყველა მედიასაშუალების პრობლემა, თუ, რა თქმა უნდა, ავტორის მიზანია სიმართლე მიაწოდოს მსმენელს. თუმცა, სიუჟეტში წარმოდგენილ მედიასაშუალებებს შორის, ჩვენი მედიასაშუალება, რომელსაც ყველაზე ხშირად და ყველაზე მწვავედ უდგას ეს პრობლემა, მოხსენიებული არ არის.
სიუჟეტში ჩვენი იგნორირება ორ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული: ჩვენი მედიასაშუალების არარსებობის, ან ჩვენთვის აღნიშნული პრობლემის არარსებობის შემთხვევაში. სიუჟეტის გასვლამდე ოთხიოდ თვით ადრე, სხვა რეგიონის მედიასაშუალებებთან ერთად, ჩვენმა მედიასაშუალებამ, რეგიონიდან ერთადერთმა, მონაწილეობა მიიღო საკმაოდ გახმაურებულ აქციაში : მოგვეცით საჯარო ინფორმაცია! რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პრობლემა მწვავედ გვიდგას.
აღნიშნული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მერიიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ მედიასაშუელებების შესახებ, ვინც 2008 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული სიუჟეტის გასვლის მომენტისთვის, მერიიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა. გაირკვა, რომ არც ერთ სხვა მედიასაშუალებას, ადმინისტრაციიდან ინფორმაცია გამოთხოვილი არ ჰქონია, რაც სიუჟეტში მოხსენიებული ჟურნალისტების პრობლემებს ბუნდოვანს ხდის. (აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ტ/კ „მეცხრე ტალღას“ 1 ინფორმაცი აქვს გამოთხოვილი, როგორც გავარკვიეთ სიუჟეტის გასვლის შემდეგ).
სამართლიანად ჩნდება კითხვა: როგორ შეძლებდა ჟურნალისტი რეალური სურათის სრულად დადებას, იმ მედიასაშუალების პრობლემების მოუხსენიებლად, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე, მხოლოდ ფოთის ადმინისტრაციიდან, 50-მდე საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი?
მიმაჩნია, რომ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ჩვენი მედიასაშუალების პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის 1-ელ, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტების დარღვევას.
განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.
იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტის მიზანი, მის მიერ სიუჟეტში მოხსენიებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების პრობლემების წარმოჩენა იყო, შესავალშივე უნდა დაკონკრეტებულიყო მათი სახელწოდებები და მსმენელსაც შესაბამისი წარმოდგენა შეექმნებოდა კონკრეტულად მათ პრობლემებსა თუ საქმიანობაზე. ხოლო თუკი, როგორც სიუჟეტის შესავალშია საუბარი, ზოგადად, ფოთში მომუშავე მედიასაშუალებებზე, სიუჟეტს უნდა მოეცვა ფოთში მომუშავე ყველა მედიასაშუალების პრობლემა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.
სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს არ მოუძიებია ინფორმაცია, ფოთში არსებული მედიასაშუალებების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის რაოდენობის შესახებ, არ დაუსახელებია ფაქტები, თუ რა პრობლემას აწყდება კონკრეტულად ჟურნალისტი ინფორმაციის მოპოვებისას(თუ არ ჩავთვლით იმ ჟურნალისტების ზეპირ განმარტებებს, რომლებსაც, როგორც გაირკვა, რეალურად არასოდეს მიუმართავთ წერილობით ინფორმაციის გამოსათხოვად),რომლის გარეშეც მნიშვნელოვნად მახინჯდება რეალური სურათი.
მიმაჩნია, რომ სიუჟეტი არღვევს მოსახლეობის კანონიერ უფლებას, მიიღოს უტყუარი ინფორმაცია, რაც არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს.
სასურველია დანართი – აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული )
განცხადებას ერთვის:
1. რადიოსიუჟეტი;
2. წერილი მერიიდან.
განმცხადებელი: ე. ჯანაშია
გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი