მივიჩნევთ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულება. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ჩვენ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტმა, გადაცემა „ბარიერის“ წამყვანმა ალექსანდრე ელისაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლზეც მას ხელი აქვს მოწერილი.
კერძოდ, მოგახსენებთ, რომ 2010 წლის 9 მარტს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში გასულ თოქშოუ „ბარიერში“, რომლის წამყვანიცაა ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ მიწვეული სტუმრების მხრიდან (მალხაზ გულაშვილი, გუბაზ სანიკიძე) ადგილი ჰქონდა ჰომოსექსუალი თანამოქალაქეების დაცინვას და დამცირებას. ბატონმა ელისაშვილმა არ აღკვეთა ეს საუბარი, არამედ შეუერთდა საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეს ჩვენი საუბრის თემა არ არის“.
გადაცემის მიწურულს კვლავ დაუბრუნდნენ იგივე თემას. კერძოდ ერთსქესიანი ქორწინების თემით აპელირებისას ბატონი გულაშვილი და ბატონი სანიკიძე შეუფერხებლად განაგრძობდნენ იმაზე საუბარს, თუ რა უზნეო ღირებულებების მატარებელია ევროპა, სადაც ასეთი კავშირებია დაშვებული, რომ ჩვენ არ უნდა გადავგვარდეთ და წინ აღვუდგეთ ამ გარყვნილებას.
სტუმართაგან არც ერთს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია. მხოლოდ ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა გააპროტესტა ევროპული ფასეულობების ლანძღვა კონკრეტულად სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების კონტექსტში.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბატონი
ელისაშვილი ვალდებული იყო აღეკვეთა
ეს საუბარი მისივე სტუდიაში მეტადრე,
რომ ის გადაცემის თემას არ ეხებოდა.
ხოლო ჰომოსექსუალი მოქალაქეების დაუფარავი შეურაცხყოფის
მცდელობაზე კი საკუთარი მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი უნდა
მოეხსენებინა აუდიტორიისათვის, ვინაიდან მაყურებელს
აუცილებლად გაუჩნდებოდა იმის შეგრძნება,
რომ ამგვარი ქსენოფობიური თავდასხმები
გადაცემის წამყვანის ყურადღების ღირსი
არ არის.
ფონდი ინკლუზივი