საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) განცხადება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" 20 მარტს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).
სადავო სიუჟეტი “მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერებზე’’ ეხება ტრანსგენდერი ქალებზე თავდასხმას. განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ტრანსგენდერი ქალებისა და ზოგადად ლგბტი თემის მიმართ ღია დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას არ იყენებს, ჯგუფის წევრებზე საუბრისას იგი ტრანსგენდერ ქალებს მოიხსენიებს ამგვარად: „ტრანსგენდერი გაბი“ „როგორც ტრანსგენდერები ამბობენ“ „რამდენი ტრანსგენდერის განცხადება შევიდა...“. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიტყვა "ტრანსგენდერის" არსებით სახელად გამოყენებით დაირღვა ქარტიის პრინციპები, ვინაიდან სწორია "ტრანსგენდერი ქალი", "ტრანსგენდერი კაცი".
მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი ნანა ლეჟავა და ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე.
საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.