26 აპრილს ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება
25.04.2017

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 26 აპრილს 19:00 საათზე განიხილავს „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარის, გიორგი მოსიაშვილის განცხადებას “კახეთის ხმის” რედაქტორის, მაია მამულაშვილისა და ჟურნალისტის, ნიკოლოზ ესიტაშვილის წინააღმდეგ.

სადავო მასალა, შეტევა ადგილობრივ მედიაზე – თელავის მედია კაფე დაიხურა, 2017 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა. მასალის თანახმად, “თელავის მედია კაფე, სადაც გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია იყო ინტეგრირებული, დაიხურა.” მასალაში დახურვის მიზეზად დასახელებულია ის, რომ “თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება”.

ქარტიაში შემოტანილ განცხადებაში კი გიორგი მოსიაშვილი მიუთითებს, რომ რედაქციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან “თვითმმართველი ქალაქის თელავის მერიას არასდროს ჰქონია გაფორმებული იჯარა აღნიშნულ მედიაორგანიზაციასთან”, შენობა კი “უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს ქ. თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლას”. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის მიხედვითაც “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას-მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.