24 სექტემბერს ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს
08.09.2017

კატეგორია : ანონსი;
24 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ორ საქმეს განიხილავს:

  • 17:00 საათი - შინაგან საქმეთა სამინისტრო -ნოდარ მელაძის, თამარ ბაღაშვილის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ
შსს მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპები.სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 22 ივლისს გავიდა და ეძღვნებოდა სამინისტროს მიერ მანქანების შეძენას.

განმცხადების თანახმად,  "რუსთავი 2-მა" გაავრცელა დეზინფორმაცია სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით. კერძოდ, სიუჟეტიდან ჩანდა, რომ სატენდერო პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე, "იბერია ავტოცენტრზე", რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა კიდეც. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2-ის" სიუჟეტთან დაკავშირებით 24 ივლისს საპასუხო განცხადება გაკეთდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უშუალოდ ეცნობა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წარმომადგენელს, თუმცა ეს ინფორმაციაც არ გაშუქდა სათანადოდ.

  • 20:00 საათი: ნოდარ მელაძე მარშალპრესის რედაქტორის ოთო სტეფანიშვილის წინააღმდეგ

24 აგვისტოს marshalpress.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)” მასალის თანახმად “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა. ნოდარ მელაძე ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია “სრული დეზინფორმაციაა”, რის დასადასტურებლადაც მოჰყავს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ვიდეო მასალა

ქარტიის საბჭოს სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.