27.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო
ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება
ონლაინ გამოცემა primetime.ge-ს ჟურნალისტის, ლილუ მიროტაძის
წინააღმდეგ. სადავო მასალა 8 დეკემბერს გამოქვეყნდა და მოიცავს 1
დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ახლობლის Facebook
სტატუსს. PHR-ის პოზიციით, სტატუსი ცალსახად შეიცავდა გენდერული
დისკრიმინაციის ნიშნებს და ასევე, შეიცავდა არასრულწლოვნისთვის
საზიანო ინფორმაციას და არღვევდა მის უდანაშაულობის პრეზუმფციას."ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ მასალაში კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეების დედებზე, ქალებზეა გადატანილი მომხდარი ტრაგედიის ტვირთი, ისინი მოხსენიებულები არიან „მკვლელის დედებად“, ტექსტში კი, ვლინდება მტკიცება, თითქოს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები, სწორედაც რომ დედებისკენ უნდა იყოს მიმართული...გამოძიების მსვლელობისას დაკავებული მოზარდები მოხსენიებულები არიან „მაძღარ მკვლელებად“, მაშინ, როდესაც სასამართლოს მათი ბრალეულობა არ დაუდგენია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოდგენილი სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას, მას წარმოადგენს მონსტრად და შესაბამისად, შეიცავს მოზარდისთვის საზიანო ინფორმაციას. ", - ნათქვამია განცხადებაში. შესაბამისად PHR მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპები.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.