20.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
თორნიკე კაკალაშვილის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"
წამყვანის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ.სადავო გახდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ის ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას წამყვანის ტექსტი, სადაც მან თქვა: "იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე".
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ წამყვანმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
დარღვევის დასაბუთებად განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ განცხადებით წამყვანმა "მასხარად აიგდო და ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა წმინდა სახარება და მთელი ქრისტიანული სწავლება/ღვთისმეტყველება. გაბუნიამ ათობით ათასი ტელემაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში, აგდებულად მოიხსენია კაცობრიობის მხსნელი, ჩვენი უფალი-ღმერთი იესო ქრისტე და წაახალისა ქრისტიანთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია".
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.