24.05.2018
კატეგორია : ანონსი;
1. 12:00 საათი - ირაკლი მამალაძე "tv 25-ის" ჟურნალისტების, ნაზი ქობულაძისა და თამილა ზოიძის წინააღმდეგ
სადავო გახდა ტელეკომპანიის ეთერში ტოქშოუ "საზოგადოებრივი პოზიციის" 20 თებერვლის გადაცემა, რომელიც ეხებოდა ე.წ. "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გარკვეული ნორმების გასაჩივრებას. ირაკლი მამალაძე, რომელიც აღინიშულ საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო, ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის მსვლელობისას მის მიმართ რამდენიმე ბრალდება გამოითქვა, თუმცა მასთან დაკავშირება არ უცდიათ საპასუხო კომენტარისთვის.
2. 14:30 საათი - სოფიო ბაჩილავა ტელეკომპანია "ობიექტივის" წინააღმდეგ
სიუჟეტი ეხება მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბავშვების იდენტიფიცირება და ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შეფასებები შეიძლება გახდეს შემდგომში მათი დისკრიმინაციის და ბულინგის მაპროვოცირებელი
3. 15:30 საათი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) "ობიექტივის" წინააღმდეგ
PHR-ი მიიჩნევს, რომ ბავშვის ინტერესები დაირღვა "ობიექტივის" სიუჟეტში, რომელიც ეეხებოდა მანუჩარ მელიქიძის ცხოვრებისეული ტრაგედიის შედეგებს და აღწერდა მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. PHR-ის განცხადების თანახმად, ტრაგედიის სიმძაფრის გადმოცემისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მისი შვილების ემოციურ განცდებს, რა დროსაც ჟურნალისტმა გაავრცელა ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია.
4. 16:00 საათი - გიორგი კალატოზიშვილი trialeti.ge -ის წინააღმდეგ
სადავო მასალა ვებსაიტზე 2 მარტს გამოქვეყნდა სათაურით "საზარელი შემთხვევა ქარელში - ,,ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა". განმცხადებელი გიორგი კალატოზიშვილი მიიჩნევს, რომ მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ დამნაშავე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
5. 16:30 საათი - ნიკოლოზ ჩხარტიშვილი "პრაიმტაიმის" ჟურნალისტის, მიხეილ ჯანგიშერაშვილის წინააღმდეგ
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "პრაიმ ტაიმმა" არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სტატიაში, რომელიც 5 თებერვალს გამოქვეყნდა სათაურით "სკანდალური ფაქტი თბილისის სკოლაში - სახელმძღვანელო, სადაც აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია".
ქარტისს სხდომა ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.