20.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა, ეკა გაგუამ და ია
გულიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს
ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს.მათ წინააღმდეგ ქარტიას მომართა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა. სადავო გახდა ძროხების ხელოვნური განაყოფიერების შესახებ საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გასული სიუჟეტი.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტებს ქარტიასთან არ უთანამშრომლიათ. ისინი არც სხდომას ესწრებოდნენ და არც წერილობით წარმოუდგენიათ შეპასუხება. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი პრინციპის გარდა დარღვეული იყო მესამეც, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია." საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.