23.08.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, დავით დვალიშვილის
წინააღმდეგ. სადავო გახდა 18 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც გურიაში მომხდარ არასრულწლოვანის სუიციდს ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი შეიცავს გოგოს პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაციას - გასაჯაროებულია არასრულწლოვანის პირადი ფოტოები, თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილი, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერის დეტალები.
"სიუჟეტში გასული კომენტარიდან იკვეთება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენისას და სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტი ვერ ითვალისწინებს და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს", - აღნიშნულია განცხადებაში. შესაბამისად PHR-ი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).
ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს.