26.08.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის ორი განცხადება
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ ორ სიუჟეტთან
დაკავშირებით.პირველი განცხადება ეხება გურიაში მომხდარ სუიციდის ფაქტს, რომლის შესახებ სიუჟეტი 18 აგვისტოს "კურიერის" ეთერში გავიდა. განცხადების თანახმად, სიუჟეტში ნაჩვენებია გარდაცვლილის წერილი, რაც "რომანტიზირებას სძენს თავად ფაქტს და შეიცავს საფრთხეს, რომ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით მგრძნობიარე მოზარდებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მხოლოდ სუიციდის შემდეგ დააფასებენ მათ სიცოცხლეს ან ამ გზით მიიქცევენ ყურადღებას". რესპონდენტის მხრიდან გასაჯაროვდა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დეტალებიც. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.
მეორე განცხადებაში კი საუბარია 14 აგვისტოს "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელშიც ახალი ინტერნეტ თამაში არასრულწლოვნებისთვის სახიფათოდ და სუიციდის მაპროვოცირებლად არის წარმოჩენილი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში დადასტურებულ ფაქტად არის მოცემული ის დეტალები, რაც ჟურნალისტს სათანადოდ არ გადაუმოწმებია, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია სიზუსტისა და ბავშვის ინტერესების დაცვის პრინციპები.