17.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძემ ქარტიის
მერვე პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი
ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას
უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და
არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები,
რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა "სუიციდის პრევენციის ასოციაციამ". ორგანიზაცია სადავოდ ხდიდა "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ახალი ინტერნეტ თამაში არასრულწლოვნებისთვის სახიფათოდ და სუიციდის მაპროვოცირებლად არის წარმოჩენილი.
საქმის განხილვისას საბჭომ დაადგინა მერვე პრინციპის დარღვევა. განმცხადებელი თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ პირველი პრინციპიც (სიზუსტე) დარღვეული იყო, თუმცა მოგვიანებით მოხსნა ეს პრინციპი.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.