18.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მერვე
(ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა)
პრინციპები დაარღვია. სადავო გახდა 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე მომზადებული სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია 6 წლის ბავშვის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება დედის მკვლელობის შესახებ. განმცხადებელი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მიიჩნევდა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დარღვეული იყო, ვინაიდან შეიცავდა პირადი ცხოვრების მძიმე დეტალებს.
ქარტიის საბჭომ განმცხადებლის მოსაზრებები გაიზიარა და ორივე პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.