15.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მიხეილ სესიაშვილმა დაარღვია
ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი
უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სადავო მასალა ეთერში გავიდა 2018 წლის 30 სექტემბერს და ეხებოდა ქართული ავიაციის სავარაუდო გამოყენებას ფულის გათეთრების პროცესში. სიუჟეტის თანახმად "ამს ეარლაინსი" ფრენების შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებდა. სწორედ "ამს ეარლაინზმა" მიმართა ქარტიას სიუჟეტის ავტორის წინააღმდეგ. ის მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე (მიჩქმალვა, გაყალბება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიხეილ სესიაშვილმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.