უზენაესმა სასამართლომ 6 მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
30.01.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება შემდეგი მედიასაშუალების ჟურნალისტების წინააღმდეგ:  versia.ge, marshalpress.ge,  digest.pia.ge,  exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge

სადავო გახდა სტატია სათაურით "ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები". მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.

ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ, მკვეთრად შეურაცხმყოფელ კონტექსტშია ნახსენები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის მზია თოდუას სახელი და საქმიანი რეპუტაცია. მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ, მტკიცებითი ფორმით დადანაშაულებულია კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში."

შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე(შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.