15.02.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო პლატფორმა "არა ფობიას" წევრი ორგანიზაციების განცხადება ინტერნეტ ტელევიზია Postv-ს წინააღმდეგ. მათი აზრით ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დარღვეულია 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში, ბელგიაში. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარალელურად ლგბტ პირთა წვეულება გაიმართა.
"არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიის ღონისძიების დისკრედიტაციას ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით და დაუსაბუთებელი კავშირების ჩვენებით ცდილობდნენ.
ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს.