ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია
18.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. 

გადაცემა „კვირის აქცენტების“ სადავო ნაწილი ეხებოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ, გამოცდების წესში და სავალდებულო საგამოცდო საგნების ჩამონათვალში შეტანილ/დაგეგმილ ცვლილებებს. აღნიშნული საკითხზე ძირითადად ისაუბრა წამყვანმა ნიკა გვარამიამ, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ცვლილებების მიმართ და აღნიშნავდა, რომ „არის სოფო გორგაძე, ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი კომუნიკაციაზე რატომ არ გამოდის, ვიცნობ არაჩვეულებრივად, ჩემს დროსაც მუშაობდა, ვიცი ზუსტად ეხლა რა ჯგუფია ეს ხომ, მოდი არც ვილაპარაკოთ, ეს არის სიკო ჯანაშია, ეს არის გიგი თევზაძე მათ შორის. ეს გავლენის ცენტრია მარტივად რომ ვთქვათ, სოფო გორგაძე მათი გავლენის ცენტრია, მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში და მათ შორის დღევანდელი მინისტრი არი ამ ადამიანების გავლენის ცენტრი“, „ვამბობ, რომ ცუდია [იგულისხმება გავლენის ცენტრის არსებობა] ?, არ ვამბობ რომ ცუდია, ფაქტს [იგულისხმება სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძე, განათლების მინისტრი როგორც გავლენის ცენტრი] ვამბობ, ერთი გავლენის ცენტრია“. “ძალიან უცნაური ფენომენია ბატონი ბატიაშვილი [განათლების მინისტრი], გავლენის ცენტრი, რომელსაც ეკუთვნის გითხარით“.

განმცხადებელი ამბობდა, რომ იგი თავს არ უკავშირებს არავითარ გავლენის ცენტრს და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. განმცხადებლის თქმით, არ სურს რომ მას აკავშირებდნენ განათლების სფეროში განხორციელებულ/დაგეგმილ ცვლილებებთან. გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ ასევე იმსჯელა, ნიკა გვარამია განცხადება, რომ სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძეს და განათლების მინისტრი ერთი გავლენის ცენტრია იყო მისი სუბიექტური შეფასება თუ ეს ინფორმაცია ფაქტად გაავრცელა. "ამ შემთხვევაში საბჭო დაეყრდნო თავად ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ ეს არის „ფაქტი“, ხოლო იმის გასამყარებლად, რომ ნიკა გვარამია სწორედ ის პერსონაა, რომელმაც შეიძლება ეს ფაქტი იცოდეს, ხაზი გაუსვა რომ „მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში“, - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში და იქვე ნათქვამია, რომგადაცემაში საშუალება არ მისცემია არც ერთ დასახელებულ პირს, რომ კომენტარი გაეკეთებინა ნიკა გვარამიას პოზიციაზე. თავად ნიკა გვარამიას არ აღუნიშნავს რამე მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც „ფაქტს“ გაამყარებდა. 

გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სრული დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.