საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: versia.ge, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge. მათ წინააღმდეგ ქარტიას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა.
"ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები" - ამ სათაურით მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს. სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "ნახსენები იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მზია თოდუას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ამასთან გამოცემებისთვის მიმართვის შემდეგ მასალა სათანადო წესით არ გასწორდა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველ და მეხუთე პრინციპთან ერთად დარღვეული იყო მესამე პრინციპიც რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.