06.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო "ევექსის
ჰოსპიტლების" განცხადება commersant.ge-ს ჟურნალისტის, სალომე
ლემონჯავას წინააღმდეგ. სადავო სტატია პირველ მაისს გამოქვეყნდა
სათაურით "ევექსი
კრიმინალურ სკანდალში ეხვევა". სტატიაში საუბარი იყო ქობულეთის
რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ნაპოვნ ემბრიონზე, რაზეც
სტატიის მიხედვით, გამოძიება დაიწყო. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიაში საავადმყოფოს პერსონალი და მენეჯმენტი გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზეა დადანაშაულებული. შესაბამისად, მათი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ დაადგენს სადავო სტატია შეესაბამებოდა თუ არა სადავო ეთიკურ პრინციპებს.
ამ განცხადებამდე ევექსმა commersant.ge-ს წინააღმდეგ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო ქარტიას ერთხელ უკვე მიმართა. საქმე ჯერ არ განხილულა.