15.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა, ნინუცა
კახნიაურმა ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დაარღვია, რომელიც უმძიმეს
პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს პლაგიატს.მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ონლაინ გამოცემა "ჩაიხანამ", რომელიც ამტკიცებდა, რომ პირველი არხის გადაცემა "ახალ კვირაში" გასული სიუჟეტი მათ მიერ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული ვიდეოს იდენტური იყო. ორივე სიუჟეტი სოფელ გუმბათის მასწავლებელს, ირა ძირკვაძეს ეხებოდა. 2019 წლის 4 იანვარს „ჩაიხანას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს სახელწოდება იყო გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”, 2019 წლის 27 იანვარს პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს კი ერქვა “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან”.
ქარტიის საბჭომ მოიკვლია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ სწორედ „ჩაიხანას“ მიერ მომზადებული ვიდეოდან შეიტყო. მიუხედავად ამისა, წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს გმირიც და თემაც. წარდგენის ტექსტის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე, “ახალი კვირის” ჟურნალისტის, ნინუცა კახნიაურის „აღმოჩენილი“ იყო, არც თავად წარდგენის ტექსტში და არც შემდგომ რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად “ ჩაიხანამ“ გააშუქა.
ქარტიის საბჭოს აღნიშნავს, რომ "თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა “ჩაიხანას” სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით მოემზადებინა მასალა. სიუჟეტების სათაურებიც კი თითქმის იდენტურია “.
ამავე გადაწყვეტილებაში საბჭო ხაზს უსვამს, რომ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“, საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია ზემოთ აღნიშნულმა გარემოებების ერთობლიობამ.
იხილეთ გადაწყვეტილების სრული ვერსია