07.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა
დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე
(შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
პრინციპები. სადავო სიუჟეტი გადაცემა "შაბათის კურიერის" ეთერში 16 მარტს გავიდა სახელწოდებით "ტროლები ოპონენტებისთვის" და ეძღვნებოდა ხელისუფლების მიერ ინტერნეტში სხვადასხვა პირთა დისკრედიტაციისთვის შექმნილ ანგარიშებს. სიუჟეტში ნახსენები იყო განმცხადებელი ლელა კურდღელაშვილიც. ის მიიჩნევდა, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რადგან მას არანაირი შეხება არ ჰქონია "ტროლების" საქმიანობასთან და "ქართულ ოცნებასთან". ზემოთ აღნიშნული პრინციპების გარდა ლელა კურდღელაშვილის აზრით, დარღვეული იყო ქარტიის მეოთხე პრინციპიც, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტს მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.