ჯემნიუსი რეზონანსს პლაგიატში ადანაშაულებს
12.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო გამოცემა "ჯემნიუსის" განცხადება "რეზონანსის" ჟურნალისტის, ელზა პაპოშვილის წინააღმდეგ. ჯემნიუსი სადავოდ ხდის სტატიას სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში", რომელიც 10 ივლისს დაიბეჭდა გაზეთში და გამოქვეყნდა მის ვებსაიტზეც.  

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "რეზონანსის" ტექსტი იმეორებს "ჯემნიუსის" მიერ წინა დღეს გამოქვეყნებულ ტექსტს სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - ფოტორეპორტაჟი".  "ინტერპრესნიუსის" მიერ მომზადებულ პრესის მიმოხილვაშიც როგორც "რეზონანსის" მასალა ისეა მითითებული. მართალია "რეზონანსმა" მასალა ვებსაიტიდან წაშალა, მაგრამ ხელმისაწვდომია მისი ბეჭდური ვერსია. ამიტომაც "ჯემნიუსი" მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი, რომელიც პლაგიატს უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს.

საქმეს ქარტიის საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა მეთერთმეტე პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.